ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ბოლო კვლევამ ენერგეტიკული სასმელების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა.
კვლევის შედეგები საგანგაშოა: მის თანახმად, ტაურინი, რომელიც ენერგეტიკული სასმელების -Red Bull, Monster და Celsius-ის შემადგენლობაშია, ლეიკემიის, ანუ სისხლის კიბოს პროგრესირებასთანაა დაკავშირებული.
როგორც ფეისბუქ-გვერდი Discovery Science+ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტაურინი ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში და ისეთ საკვებში, როგორიცაა ხორცი და თევზი, კვლევა ვარაუდობს, რომ სინთეზური ტაურინი, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სასმელებში არსებული მაღალი დოზებით, შეიძლება აძლიერებდეს კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმს.
ეს აჩქარება ხდება გაძლიერებული გლიკოლიზის გამო, რომლის დროსაც შაქარი იშლება, რაც პოტენციურად აჩქარებს ლეიკემიის განვითარებას.
ამ აღმოჩენამ ენერგეტიკული სასმელების ზოგიერთი მომხმარებელი შეაშფოთა, თუმცა ეს ამბავი დიდად შოკისმომგვრელი არ ყოფილა იმ დისკუსიის გათვალისწინებით, რომელიც ჯანმრთელობაზე კოფეინის გავლენის შესახებ მიმდინარეობს.
კვლევის ავტორები სიფრთხილეს გვირჩევენ ტაურინის დანამატებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ლეიკემია აქვს ან ლეიკემიის რისკის ქვეშაა.
ენერგეტიკული სასმელების კომპანიებს აღნიშნულ კვლევაზე რეაგირება ჯერჯერობით არ ჰქონიათ, თუმცა ამ მიმართულებით მზარდმა ცნობიერებამ შესაძლოა მომხმარებლები აიძულოს, გადახედონ სასმელების შემადგენლობას და ჯანმრთელობაზე მათ შესაძლო ზემოქმედებას.