სამედიცინო პერსონალის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებებს აანონსებს. 
განისაზღვრა 18 სპეციალობა, რომლის წარმომადგენლებისთვისაც საექიმო  საქმიანობის დაწყება რეზიდენტურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. 

კერძოდ, საუბარია კონკრეტული სპეციალობის უმცროს ექიმებზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლეს, თუმცა დაგროვილი აქვთ მუშაობის გამოცდილება. მათ სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს,  სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა დაიწყონ.

ეს 18 სპეციალობაა: ფსიქიატრია, რადიაციული ონკოლოგია, ბავშვთა გასტროენტეროლოგია, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, ბირთვული მედიცინა, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა ინფექციური სნეულებები, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია, რევმატოლოგია, სასამართლო მედიცინა.


ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეს ერთჯერადი ღონისძიებაა და ის 2026 წლის 1 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

„ჩვენს მიერ დამუშავდა მონაცემები, თუ რომელი სპეციალობების მიხედვით არსებობდა ისეთი ვითარება, როცა შეინიშნებოდა ექიმების ნაკლებობა და სადაც გამართლებული იქნებოდა ამ მექანიზმის გამოყენება. 31 ივლისს გამოიცა შესაბამისი ბრძანება, რომლითაც ეს საკითხი დარეგულირდა, დადგინდა კონკრეტული ჩამონათვალი, 18 სპეციალობა, სადაც დეფიციტი შეინიშნება და იმავდროულად პროცედურა, თუ როგორ განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი ეს ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც მხოლოდ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე იმოქმედებს. მსგავსი მექანიზმი მანამდეც ყოფილა გამოყენებული,“ - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ცვლილებები 800-მდე ექიმს შეეხება.