ზემო სვანეთის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობა ადგილზევე შეეძლება. „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ ხვალ დაბა მესტიაში ფილიალს გახსნის.


გახსნასთან დაკავშირებით, მესტიის მოსახლეობა სპეციალური ერთდღიანი აქციით ისარგებლებს. კერძოდ, 0-დან 18 წლის ასაკის მქონე ყველა პირებს უფასოდ ჩაუტარდება კალციუმის, რკინისა და სისხლის საერთო ანალიზი.

ამისთვის კი ლაბორატორიაში მისვლისას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა საჭირო.
3 სახის ლაბორატორიულ კვლევას ასევე უფასოდ ჩაიტარებენ შშმ პირები. ეს კვლევებია: ქოლესტერინის, კრეატინინისა და სისხლის საერთო ანალიზი. თითოეულ პირს თან უნდა ჰქონდეს სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მესტია მე–12 რეგიონული ცენტრია, სადაც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალი ოფიციალურად გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას 1 000- ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარების საშუალება მიეცემა. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც საკვლევი ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის
პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.


„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა და ის უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. 

კომპანიის მიზანი საქართველოში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების ქსელის შექმნაა. 


„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ–11“ და კომპანია „მედიქალ ვორლდ სპა "ველნესი“, რომელიც ქვეყანაში მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტს ახორხიელებს.