სამედიცინო ტურიზმის განვითარებასთან ერთად, საზღვარგარეთ წასულ პაციენტთა უფლებების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს განსაკუთრებით თურქეთს ეხება, სადაც საქართველოდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი პაციენტი მიდის.
თემა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა.
სიუჟეტის თანახმად, ბოლო პერიოდში უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების მხრიდან სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართვიანობა გაიზარდა.
რამდენიმე პაციენტს პრეტენზია სამსუნის კლინიკის მიმართ აქვს, სადაც მათ ბარიატრიული ოპერაციები გაიკეთეს. მათ შორისაა ინგა ტატიშვილი, რომლის თქმით, ოპერაციიდან რამდენიმე საათში, მუცლის ძლიერი ტკივილები დაეწყო, რასაც სხვა სახის გართულებებიც დაერთო. პაციენტის განცხადებით, პირველი ოპერაციიდან 24 საათში მეორე ქირურგიული ჩარევა ჩატარდა. თბილისში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და პოსტოპერაციული გართულებების გამო მესამე ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა. ამას დაემატა ის, რომ თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას შედეგი არ მოჰყვა, ინგა ტატიშვილს დღეს კვლავ შაქრიანი დიაბეტი აქვს.
პაციენტი სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს, რათა უცხოეთის კლინიკის ქირურგის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
პაციენტები აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ წასვლის ერთ-ერთი მოტივი ქირურგიული ჩარევის დაბალი ფასია.
ქართველი სპეციალისტების განმარტებით, ბარიატრიული ოპერაცია დადგენილი სტანდარტებით უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გართულებებისა და გარდაცვალების რისკები მატულობს. ისინი ამბობენ, რომ ოპერაცია როგორც თურქეთში, ისე საქართველოსა და სხვა ქვეყნებშიც წარმატებით კეთდება, თუმცა არსებობს გარკვეული პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია.
„ძალიან ეფექტიანი და კარგი ოპერაციებია. ჩვენთანაც კეთდება, თურქეთშიც, ყველგან... მაგრამ მთავარია, პაციენტი სწორად იყოს მიმართული და ჩვენება იყოს სწორი. ჩადიხარ დღეს, ოპერაციას გიკეთებენ ხვალ - ასე არ ხდება. პაციენტი წინასწარ უნდა იყოს გამოკვლეული, მომზადებული და მას უნდა დაენიშნოს მოსამზადებელი პერიოდი,“ - აღნიშნავს დავით აბულაძე.
იმ პაციენტებს, რომლებიც უცხოურ კლინიკებში გარკვეული პრობლემების წინაშე დადგნენ ან ახლა აპირებენ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლას, რჩევებს აძლევენ იურისტები. ნინო ლიპარტიას განცხადებით, დაზარალებულებმა უნდა მოითხოვონ ინფორმაცია, არსებობს თუ არა სამედიცინო მანიპულაციამდე გაფორმებული ხელშეკრულება.
„პირველი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ოჯახმა, არის ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთობების წამოწყება და ამ ხელშეკრულებაში მთელი რიგი პირობების მკაცრად გათვალისწინება. მათ შორისაა შუამავლის და რა თქმა, უნდა კლინიკის, ვალდებულებები, რადგან, როგორც წესი, სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე მარტივია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა,“ - აცხადებს ლიპარტია და ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახეზე გვაქვს სამედიცინო კლინიკის გადაცდომა და მკურნალობისას ექიმის შეცდომა, პაციენტს სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის მიუხედავადაც შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
შეგახსენებთ, რომ პრობლემაზე Jandacva.ge რამდენიმე კვირის წინ წერდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ თურქეთში ბარიატრიული ოპერაციისთვის ჩასულ პაციენტებს შორის, გართულებების შედეგად ლეტალობის შემთხვევებიც დაფიქსირდა.