საქართველოს მოქალაქეებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერება უნდა დაფინანსდეს. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
„ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა დაფინანსდეს და ეს საკითხი უნდა იყოს დემოგრაფიული პოლიტიკის ერთერთი შემადგენელი ნაწილი.
ეს ხელს შეუწყობს უშვილო ოჯახებისთვის შვილის გაჩენას და დაამტკიცებს ჩვენს ზრუნვას ოჯახების და ქვეყნის მომავალზე,“ - განაცხადა ლომინაძემ.
იმის შესახებ, რომ სახელმწიფო რეპროდუქციული სერვისების დაფინანსებას გეგმავს, მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რამდენიმე კვირის წინ, ამ დარგში დაგეგმილი რეგულაციების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, განიხილება უშვილო წყვილების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება, რომელიც სხვადასხვა სერვისთან ერთად, ინვიტრო განაყოფიერებასა და სუროგაციასაც ითვალისწინებს.
მას დეპუტატებმა დაუსვეს შეკითხვა, მას შემდეგ, რაც, კანპონპროექტის მიღების შედეგად სუროგაცია და ინვიტრო მომსახურებები უცხოეთის მოქალაქეებისთვის აიკრძალება და ასევე შეიზღუდება კომერციული სუროგაცია, როგორ უნდა განვითარდეს ეს დარგი? ამაზე თამარ გაბუნიამ განაცხადა:
„ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი, თუმცა კარგად დარეგულირებული სისტემის პირობებში, როცა ვიცით, რომ ყველა თეთრი მიზნობრივად იხარჯება და არ გვაქვს საქმე მაღალ კომერციულ ინტერესებთან, არც ის არ არის შორს, რომ სახელმწიფომ დაიწყოს ზრუნვა, როგორც დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილი, უშვილობის მკურნალობაზე და მათ შორის იქნება ეს მიმართულებაც.“