ერთადერთი საკადრო ცვლილება, რომელიც ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში განხორციელდება, თავდაცვის მინისტრს შეეხება. ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ჯანდაცვის მინისტრი, კობახიძემ განაცხადა, რომ არ შეიცვლება და გაიმეორა, რომ ცვლილება მხოლოდ ერთ კანდიდატს ეხება.

"მთავრობის თითეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის პოზიციას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ოფიციალურად წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძე განიხილებოდა.