ფარმაცევტული ბაზარი
„შეწყდეს წარმოებაში გამოყენება, დისტრიბუცია და რეალიზაცია“ - რეგულირების სააგენტოს გაფრთხილება

რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს ერთ-ერთ იმპორტირებულ დამხმარე ნივთიერებასთან დაკავშირებით გაფრთხილებებს აძლევს.სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უწყებაში შევიდა „მყისიერი შეტყობინება“ პაკისტანში აღმოჩენილი ფალსიფიცირებულ დამხმარე ნივთიერებასთან დაკავშირებით. შეტყობინების თანახმად, ნივთიერება PROPYLENE GLYCOL-ში  ანალიზის შედეგად დაფიქსირდა ეთილენგლიკოლის შემცველობის მაღალი დონე, რომელიც მიღების შემთხვევაში შესაძლოა იყოს ტოქსიური. რეგულირების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ნივთიერება მიჩნეულია მიზანმიმართულად და თაღლითურად არასწორად მარკირებულ პროდუქტად, რომლის დისტრიბუცია შესაძლოა განხორციელდა სხვა ქვეყნებშიც, არარეგულირებადი ბაზრების მეშვეობით.„შეტყობინებაში დაფიქსირებული დამხმარე ნვთიერება საფრთხის შემცველად  უნდა იქნას მიჩნეული, ვინაიდან მათმა სამკურნალო საშუალებაში გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, განსაკუთრებით ბავშვებში,“ - ნათქვამია რეგულირების სააგენტოში. ამიტომ, სააგენტო დაინტერესებულ პირებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აძლევს რეკომენდაციას, აღნიშნული დამხმარე ნივთიერებები შესყიდული იქნას კვალიფიცირებული და დამტკიცებული მომწოდებლებისგან. ამასთან უწყების მოწოდებაა, ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებმა შეწყვიტონ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ცხრილში მითითებული PROPYLENE GLYCOL-ის სერიების წარმოებაში გამოყენება. ასევე, შეწყდეს ნებისმიერი მზა პროდუქტის დისტრიბუცია და რეალიზაცია, რომელშიც გამოყენებულია პოტენციურად დაბინძურებული დამხმარე ნივთიერება. 

„გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან“ - რა შემთხვევაში უნიშნავენ ექიმები ონკოპაციენტებს არარეგისტრირებელ პრეპარატებს

პაციენტს აქვს უფლება, იცოდეს მისი დაავადების მკურნალობის ყველა არსებული მეთოდის შესახებ, მათ შორის ისეთი მედიკამენტების თაობაზე, რომლებიც საქართველოში არაა რეგისტრირებული, თუმცა დამტკიცებულია ევროპისა თუ ამერიკის მარეგულირებლების მიერ.ამის შესახებ კლინიკურმა ონკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, “ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის” ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ფიფიამ რადიოგადაცემაში „ჯანმრთელობის ლაბორატორია“ საუბრისას განაცხადა. საკითხს ონკოლოგი წამყვანის შეკითხვაზე პასუხისას შეეხო, რომელიც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას ეხებოდა. ამ განცხადების თანახმად, 60 ონკოლოგის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე შედგა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები სამართალდამცავ სტრუქტურებშიც გადაიგზავნა.ნინო ფიფიას განმარტებით,  არსებობს ახალი თაობის მედიკამენტები, რომელთა ეფექტიანობა დადასტურებულია, თუმცა მათ დარეგისტრირებას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროში კი პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია მკურნალობის სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. „მაგალითად ავიღოთ თარგეტული, ანუ სამიზნე თერაპია, რომელიც მიმართულია კონკრეტული ცილის ან გენეტიკური მუტაციის დათრგუნვისკენ, რომელიც იყო წამყვანი კონკრეტული ონკოპათოლოგიის განვითარებაში. არის სხვადასხვა თაობის პრეპარატები, მაგალითად, ძუძუს კიბო რომ ავიღოთ, ჰერ2-დადებითი კიბოს შემთხვევაში, არის პირველი და მეორე თაობის მედიკამენტები, რომლებიც, საბედნიეროდ, ხელმისაწვდომია ჩვენს ქვეყანაში. მესამე თაობა ასევე ხელმისაწვდომია. არის ასევე მეოთხე თაობა, რომელიც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, მალე ეს პრეპარატიც იქნება საქართველოში. ანუ დადებითი ძვრები ყველა მიმართულებით არის და ჩვენი ექიმები - მათ შორის მეც - გულწრფელად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს პაციენტებს, რა შეგვიძლია, რა არის მოწოდებული თუნდაც საერთაშორისო სტანდარტებით, შეგვიძლია თუ არა სრული უზრუნველყოფა და თუ კონკრეტულ სიტუაციაში არ შეგვიძლია მისი გამოყენება იმის გამო, რომ ჯერ პრეპარატი არ დარეგისტრირებულა, ეს უნდა იყოს განხილული პაციენტთან ერთად. ამის შემდეგ პაციენტი გადაწყვეტს,  საზღვარგარეთ შეძენით გადაჭრას ეს პრობლემა თუ დალოდებით, რომ მალე ჩვენთანაც იქნება,“ - განაცხადა ფიფიამ და აღნიშნა, რომ ასეთი პრეპარატების ნაწილი საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია.მისი თქმით, ექიმები პაციენტებს სთავაზობენ იმას, რაც არის ბოლო სიტყვა ონკოლოგიაში, რაც სჭირდება უშუალოდ ამ პაციენტის კონკრეტულ ონკოლოგიას. ხოლო თუ ამწუთას საქართველო ვერ უზრუნველყოფს ამ პრეპარატზე წვდომას, პაციენტს უნდა ჰქონდეს არჩევანი, აქ შეიძენს მას თუ წავ და უცხოეთში ჩაიტარებს მკურნალობას. იგივე ეხება ომუნოთერაპიას, რომლის ერთ-ერთი პრეპარატი საქართველოში რეგისტრირებულია და ფილტვის და ღვიძლის კიბოს მკურნალობაში გამოიყენება,  მაგრამ არსებობს სხვა სიმსივნეები - მაგალითად კანის კიბო, რომლის სამკურნალო იმუნოთერაპიის პრეპარატები დღესდღეისობით საქართველოში არ არის რეგისტრირებული, თუმცა ამერიკაშიც და ევროპაშიც ხელმისაწვდომია. ონკოლოგის თქმით, ამ ტიპის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პაციენტს. „რთულია აქ ისაუბრო იმაზე, რომ ექიმებს თურმე ჰქონიათ პირადი ინტეტესები. აქ ყველანი გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან, რომ შევთავაზოთ პერსონალიზებული მკურნალობა, რათა შედეგები უკეთესი იყოს და კარგი ხარისხით იცხოვროს ადამიანმა,“ - განაცხადა ფიფიამ. 

იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ერთ წელიწადში ფასები 3,3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, ძირითად იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებსა და პრეპარატებზე, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ფასები 3,3 პროცენტით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი ზრდამ 0,8% შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მთელი 2022 წლის განმავლობაში, აღნიშნულ ჯგუფში ფასები, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით მცირდებოდა, 2002 წლის მარტში 15%-იანი შემცირებაც კი დაფიქსირდა. შემცირების ტრენდი გრძელდებოდა 2023 წლის განმავლობაში, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით.რაც შეეხება ფასების ცვლილებას წინა თვესთან შედარებით, როგორც აღინიშნა, აქ ზრდა 0,8%-იანი იყო, თებერვალში დაახლოებით 5%-იანი კლება დაფიქსირდა, იანვარში კი 5%-იანი ზრდა.შეგახსენებთ, რომ  2022 წლის იანვარში საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები ამ სეგმენტში 70-80%-ით შემცირდა.

"მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს სადაზღვევო კომპანიების დანახარჯზე დადებითი ეფექტი აქვს"

სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგების გაზრდის მიუხედავად, დადებითი ეფექტი რეალურად უმნიშვნელოა,რადგან ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე დაბალი მოცვაა  -  ასე აფასებს „ბიზნესპარტნიორთან“  სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის  მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის მაჩვენებლებს.როგორც  ცნობილია, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება ₾34.5 მლნ-ით გაიზარდა და 73.5 მილიონი ლარი შეადგინა.სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, 2023 წლისთვის პანდემიური გამოწვევები სრულად დაძლეულია და კომპანიები პორტფელებს უკეთესად მართავენ, რაც მოგების მაჩვენებლებზეც ადეკვატურად აისახა. ამასთან, ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ შედეგით უკმაყოფილოა."მთელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის 73.5 მლნ ლარიანი წმინდა მოგება დიდად არაფერს ნიშნავს, როცა 18 კომპანიაზეა საუბარი. ციფრი ჩანს, რომ გაიზარდა, რადგან  გასულ წლებში იყო მცირე მოგება და ასე გამოჩნდა. ამ დროს სექტორში უზარმაზარი აქტივებია ჩადებული. არასტაბილურობა იყო ბაზარზე, რაც თანდათან მოწესრიგდა და გარკვეულ შედეგამდე გავიდნენ,  ცხადია, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ განვითარების შესაძლებლობას იძლევა და ამ მხრივ სტატისტიკა დადებითია.ამასთან, ყველაზე კრიტიკული მიმართულება არის ჯანდაცვა, ვინაიდან მასობრივი პროდუქტია და  ყველაზე პატარა მარჟები ამ სეგმენტშია.  აქაც აშკარად დასტაბილურდა სიტუაცია, ამის მაგალითია ისიც, რომ სუფთა მოგებას აღწევს კომპანია, მაგალითად, "იმედი L", რომელიც მხოლოდ ამ სფეროშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ტარიფების მართვა მოხდა ბაზარზე. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამ მხრივ რაღაც შედეგს იძლევა, კომპანიების დანახარჯზე დადებითი ეფექტი აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, წმინდა მოგების სტატისტიკა  დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, როცა მოცვა არის ძალიან მცირე. ვიტყოდი, რომ ეს იყო ბუნებრივი პროცესი, რასაც კომპანიებმა დამატებითი ხელშეწყობის გარეშე მიაღწიეს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.მისი განმარტებით, სამედიცინო დაზღვევაში 720 944 ადამიანის ჩართვა შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენ მიმართულებებში ჩავარდნაა. მაგალითად, ავტოდაზღვევაში, სადაც მეათედიც აღარ არის მოცვა - 1.7 მლნ ავტომობილიდან 126 065 დაზღვეული."გამოწვევაა, რომ მოცვა იზრდება ნელა და ეს ტრადიციულად ცნობილია.  რა ზრდის მოცვას და რა ზრდის კულტურას, რომ მეტი ხალხი შედის სადაზღვევო ურთიერთობებში, ნახონ  სიკეთე, სტაბილურობა, კარგი სერვისი. ამის ყველაზე კარგი  ინსტრუმენტი უკლებლივ ყველა ქვეყანაში  სავალდებულო დაზღვევის არსებობაა, რომელიც ჩვენთან არ არის,"-აცხადებს ხეჩინაშვილი.მისი შეფასებით, ის მექანიზმები, რაც მთელ მსოფლიოში  აპრობირებულია, მათ შორის, სავალდებულო დაზღვევა, საქართველოში არ არის გამოყენებული.ცნობისთვის, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგებამ  73,5 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი  39 მლნ ლარი იყო. 2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა.bp.ge