საქართველოში პირველად, პედიატრიულ პაციენტს აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. საუბარია ისეთ ოპერაციაზე, რომლის დროსაც პაციენტი საკუთარ ღეროვან უჯრედებს უკან იღებს.


ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში, 4 წლის პაციენტს ჩაუტარდა.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიხსნა ბავშვთა ონკოლოგიის, ჰემატოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც უცხოელი კოლეგების ჩართულობითა და მხარდაჭერით მუშაობს.


ბავშვთა ჰემატოლოგ-ონკოლოგის ბაშაკ ადაკლი აკსოის თქმით, ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მხოლოდ ტრანსპლანტაციას არ გულისხმობს.


„დღეს მე მადლიერი ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს კოლეგებთან ერთად და მხარს ვუჭერდი მათ საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარების პროცესში. ძალიან ბედნიერი ვარ, გაცნობოთ იმის შესახებ, რომ მათ წარმატებით გადანერგეს ძვლის ტვინი პირველად საქართველოში პედიატრიულ პაციენტთან. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტრანსპლანტაციით. გასული წლიდან მე და ჩემი კოლეგა სტამბოლის „მედიკაპლარკს“ კლინიკიდან ვმუშაობდით ქართველ კოლეგებთან ერთად, რომ დღეს ამის შესაძლებლობა ყოფილიყო ქართველი პაციენტებისთვის. ჩვენი თანამშრომლობის პროცესში, დავუსვით დიაგნოზი პაციენტს და  უზრუნველვყავით მისთვის სათანადო კურსის ჩატარება. შემდეგ გადაწყდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც დასრულდა წარმატებით. მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში შესაძლებლობა მაქვს მხარი დავუჭირო ჩემს ქართველ კოლეგებს,“ - აღნიშნა თურქეთიდან მოწვეულმა მედიკოსმა. 


შეგახსენებთ, რომ არსებული გეგმებით, საქართველო ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრში უნდა გაწევრიანდეს.

შედეგად სისხლის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ღეროვანი უჯრედების დონორის მოძიების საშუალება 75 ქვეყანაში ექნებათ, პროცესს ორგანიზებას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გაუწევს.

დონორთა მსოფლიო ბანკის წევრობით, საქართველოს მოქალაქეები ღეროვანი უჯრედების როგორც აუტოლოგიურ, ისე ალოგენურ (არანათესაურ) და ჰაპლოიდენტურ გადანერგვას ადგილზე შეძლებენ.
ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მიზნით საქართველოდან პაციენტთა დიდი ნაწილი თურქეთში მიდის და ეს პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია. 

ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზაა, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის თანხას თბილისის მერია გამოყოფს, რეგიონებში კი ონკოპაციენტებს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს.