სადაზღვევო კომპანიების ინიციატივის პასუხად, „დაშენებული“ პაკეტები ყველა მოქალაქისთვის დაშვებული იყოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სექტორს ურჩევს, გააქტიურდეს იმ სეგმენტში, სადაც ეს სქემა უკვე მუშაობს. დაშენებული პაკეტების მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებაზე კი არ საუბრობს. 

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო, ე.წ. დაშენებული პაკეტების შეძენის უფლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს - ესენია ძირითადად ბავშვები, პენსიონერები და სხვა შედარებით მოწყვლადი ადამიანები. დანარჩენ შემთხვევაში, გარკვეული შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ეს უფლება შეზღუდულია და მათ უწევთ არჩევანის გაკეთება კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდულ პაკეტებს შორის უწევთ, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა არ შეუძლიათ (თუმცა გარკვეული სერვისები, მაგალითად მშობიარობის დაფინანსება შენარჩუნებული აქვთ, ბოლო პერიოდში კი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან  ონკო-სერვისებისთვის განკუთვნილი 25-ათასლარიანი ლიმიტით სარგებლობა მიეცათ).


სადაზღვევო ინდუსტრია წლებია, „დაშენების“ უფლების ყველა მოქალაქისთვის მინიჭებას ითხოვს, თუმცა აღნიშნულ ინიციატივას სამინისტროს მხრიდან დადებითი გამოხმაურება არასდროს მოჰყოლია.

იგივე პოზიცია დააფიქსირა ამ საკითხზე ილია ღუდუშაურმა დღეს, გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“, სადაც სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის თანამშრომლობის თემაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:

„DRG დაფინანსების მოდელს სადაზღვევო კომპანიებთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, რადგან მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებს ფარავს. იყო საუბარი სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, რომ მათაც აქვთ სურვილი, გადავიდნენ DRG მოდელზე. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ მზად ვართ ჩვენი პრაქტიკა და გამოცდილება სადაზღვევო კომპანიებს გავუზიაროთ, თუ ისინი გადავლენ დაფინანსების ამ მოდელზე და, რა თქმა უნდა, არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს. თუმცა ეს მათი ბიზნეს გადაწყვეტილებაა. საუბარია დაშენების სქმეებზეც. დაშენების სქემები ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეულ პაციენტებზე - ეს არის პენსიონრები, 18 წლამდე ასაკის ბავშვები და სტუდენტები. ამ მიმართულებით მათ შეუძლიათ გააქტიურდნენ, რომ ამ ნაწილში იაქტიურონ. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რომ სადაზღვევო სისტემა საქართველოში მაქსიმალურად განვითარდეს,“- განაცხადა ღუდუშაურმა.