სამედიცინო მომსახურების სფეროში სახელმწიფოს გაძლიერება არ არის სწორი მიმართულება და ჩვენი სიტუაცია არ უნდა შევადაროთ ევროპაში არსებულ ვითარებას, სადაც სულ სხვა ისტორია და ტრადიციები არსებობს.

ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ბოლო პერიოდში აქტუალურ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს ინტერესები უნდა გაძლიერდეს და კერძო სექტორის მონაწილეობა შემცირდეს.


ხეჩინაშვილი ასევე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კლინიკების პრივატიზაცია უარყოფითი მოვლენა იყო, რადგან, მისი აზრით, სწორედ კერძო სექტორმა მოახერხა ამ წლების განმავლობაში სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების განვითარება. 

მისი თქმით, უცნობია, მოხერხდებოდა თუ არა ეს, აღნიშნული ფუნქცია საკუთარ თავზე სახელმწიფოს რომ აეღო. 
„ჯანდაცვა არის წარმოება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამ. ხოლო როცა აწარმოებ, ვერ ვხედავ იმაში სიკეთეს, რომ ეს არა კერძო სექტორმა, არამედ მთავრობამ აკეთოს. რაც ამ დრომდე სამედიცინო სექტორში გაკეთდა და რაღაც დონის ინფრასტრუქტურა გვაქვს, იმ კლინიკების დამსახურებაა, რომლებიც კერძო სექტორმა ააშენა. რაც შეეხება ევროპას, იქ სხვა ისტორიაა და იქაური სისტემა ისტორიულად ჩამოყალიბდა, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში კერძო კლინიკები ძლიერია. გერმანიაში აქტიურად მიდის კლინიკების პრივატიზაცია. ევროპაში ასევე ძლიერია მუნიციპალური და საუნივერსიტეტო კლინიკები. საქართველოში კი მუნიციპალური დონე, გარდა ორი ქალაქისა, ძალიან სუსტია. ჩვენ ძალიან მემარცხენე ქვეყნად ვყალიბდებით,“ - აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა. 
მისი თქმით, ის სკეპტიკურადაა განწყობილი სახელმწიფო  კლინიკების, როგორც სამედიცინო ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბების იდეის მიმართ, თუმცა ამბობს, რომ კარგია, თუკი ქვეყანას ერთი ძლიერი სახელმწიფო კლინიკა ექნება.