დღეს მსოფლიო და მათ შორის საქართველო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე ყოველწლიურად, 21 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების ადვოკატირება.

2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.


დაუნის სინდრომი, ცნობილი ასევე, როგორც ტრისომია 21, განპირობებულია ქრომოსომათა რაოდენობის ცვლილებით. სწორედ ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას,  როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში. გლობალურად, ყოველი რვაასი ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.


მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის თემაა: „დავასრულოთ სტერეოტიპები" გავრცელებული სტერეოტიპები, რომლებიც ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლის დაუნის სინდრომის და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ადამიანებს მთელს მსოფლიოში, იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით და მიიღონ სრულყოფილი მომსახურება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების სფეროებში;


მსოფლიო დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების, ინკლუზიისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.