2025 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით,  სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა,  წინა წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით შემცირდა. გარდაცვლილია 12 ადამიანი. წინა წლის იგივე პერიოდში ეს რიცხვი 24 იყო. ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. 
უწყების ცნობით, 2024 წლის მონაცემებით,  2018 წელთან შედარებით, როცა კანონი ამოქმედდა, ეს მაჩენებელი 44%-თაა შემცირებული. 2023 წელთან შედარებით კი 24%-იანი კლებაა.

ამასთან 2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად მძიმედ დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 25%-ითაა შემცირებული 2023 წელთან შედარებით; 18%-ითაა შემცირებული 2022 წელთან შედარებით; ხოლო საშუალო სიმძიმით დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წელს შემცირებულია: 26%-ით 2023 წელთან შედარებით; 24%-ით 2022 წელთან შედარებით.

2024 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 33 და დაშავდა 257. გარდაცვლილი 33 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 59 ქალი და 198 კაცი.


გარდაცვლილთა დააქმების სფეროები შემდეგია:
მშენებლობა - 23
დამამუშავებელი მრეწველობა - 5
ელექტროენერგიის, აირის და ორთქლის მიწოდება - 3
წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა - 1 
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერის დამუშავება - 1
დაღუპულთა უმრავლესობა თბილისში გარდაიცვალა, მეორე ადგილზე ამ კუთხით აჭარაა, მესამეზე კი იმერეთი. 

„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად აქტიური ბიზნეს სუბიექტებისა და დასაქმებულთა რაოდენობების ზრდისა, პირდაპირპროპორციულადაა შემცირებული სამუშაო სივრცეში მომხდარი ინციდენტების რაოდენობა და შესაბამისად ინციდენტობის მაჩვენებელი,“ - აცხადებენ ინსპექციაში.