საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“.

დოკუმენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის.

დოკუმენტის მიზანია საფეხმავლო მარშრუტების განვითარება, მათი მონიშვნის ძირითადი პრინციპების  განსაზღვრა, ადამიანთა უსაფრთხოებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის წინაპირობის შექმნა.

რეგლამენტის მიხედვით, დამპროექტებელმა მოსანიშნი მარშრუტი უნდა შეარჩიოს ისე, რომ გაითვალისწინოს მისი კულტურული, ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალი. მარშრუტის დაგეგმვისას, მიზანია შეირჩეს ისეთი მარშრუტი, რომელიც იქნება მაქსიმალურად მიმზიდველი და უსაფრთხო. 


საფეხმავლო მარშრუტი სასურველია უკავშირდებოდეს ტურისტული მარშრუტების არსებულ ქსელს ან გააჩნდეს საფეხმავლო მარშრუტების ერთიან ქსელში ჩართვის პოტენციალი.


მარშრუტი სასურველია იწყებოდეს და სრულდებოდეს დასახლებულ პუნქტში ან მის სიახლოვეს.

სასურველია, რომ საფეხმავლო მარშრუტი დაიგეგმოს იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად სცდებოდეს სამანქანო გზებს და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წარმოადგენენ  დანიშნულების ადგილებს. დანიშნულების ადგილებია მაგალითად დასახლებული პუნქტი, ტბა, ციხე-სიმაგრე, საბანაკე ადგილი, გადასახედი  და სხვა.


რეკომენდებულია, რომ მოგზაურობის ერთი დღისთვის განკუთვნილი მანძილის დასაფარად საჭირო დრო არ აღემატებოდეს 7 საათს.

საფეხმავლო მარშრუტი სირთულის მიხედვით იყოფა სამ კატეგორიად: მარტივი, საშუალო და რთული.
 

მარტივი კატეგორიის მარშრუტი არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას, სალაშქრო აღჭურვილობასა და უნარ-ჩვევებს. მარტივი სირთულის ბილიკის გავლა შესაძლებელია ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმლით.

საშუალო კატეგორიის მარშრუტის ბილიკი ძირითადად ხასიათდება საშუალო ან მკვეთრი დახრის ფერდებით. შესაძლოა გვხვდებოდეს გაუკვალავი მონაკვეთები, ბილიკიდან გადავარდნის საფრთხის მქონე მონაკვეთები და ადგილები, სადაც საჭიროა ხელების გამოყენება ბალანსის შენარჩუნებისათვის. წყლის გადაკვეთისას შესაძლოა საჭირო გახდეს წყალში ფეხით გავლა. განსაკუთრებით მაღალი საფრთხის მქონე მონაკვეთებს გააჩნიათ შესაბამისი დამცავი საშუალებები (მოაჯირი, თოკი, ჯაჭვი და ა.შ.).

ბილიკები ძირითადად განკუთვნილია კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოგზაურებისათვის.
რთული კატეგორიის მარშრუტის ბილიკი ხასიათდება რთულად გასავლელი რელიეფით და ციცაბო დახრის ფერდებით. ბილიკზე შესაძლოა გვხვდებოდეს გაუკვალავი, ვიწრო და საფრთხილო გადასასვლელები, გადავარდნის საფრთხის მქონე მონაკვეთები. შესაძლოა გვხვდებოდეს თოვლი ან ყინულიანი მონაკვეთები, რომელთა გავლაც არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას. ასევე  შესაძლოა გვხვდებოდეს ისეთი მონაკვეთები, რომელთა გასავლელადაც რეკომენდებულია თოკის გამოყენება ბალანსის შესანარჩუნებლად (მაგ.: მდინარის კვეთა, ნაშალი, ციცაბო მონაკვეთი).

ბილიკები განკუთვნილია ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი მოგზაურებისათვის.
რთული ბილიკის მოსანიშნად განკუთვნილი მიმართულების მაჩვენებელი დაფის წვეტი არის ლურჯი ფერის, ხოლო ნიშნულები თეთრი-ლურჯი-თეთრი ფერებით გამოისახება. მარტივი კატეგორიის მარშრუტი  ინიშნება  ყვითელი ფერით. საშუალო კატეგორიის მარშრუტი ინიშნება წითელი ფერით.


ნიშნულების განთავსება ხდება მარშრუტის გასწვრივ, ყოველ 250 - 300 მეტრში, თუმცა ეს მანძილი უნდა შემცირდეს მონიშვნის საჭიროებიდან და მარშრუტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

თუ ტერიტორიისთვის დამახასიათებელია ხშირი ნისლი, მაშინ სასურველია რომ ასეთი მონაკვეთები მოინიშნოს უფრო ინტენსიურად.

რაც შეეხება საფეხმავლო ბილიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - საინფორმაციო დაფას, ნრეგლამენტის მიხედვით, მისი ფუნქციაა, აღწეროს კონკრეტული მარშრუტი ან მარშრუტების ქსელი, მიაწოდოს მოგზაურს საკმარისი ინფორმაცია მარშრუტების შესახებ, გაუადვილოს ორიენტირება და მოგზაურობის პროცესი.
მარშრუტის საინფორმაციო დაფაზე განთავსებულია ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე. ასეთი დაფა სავალდებულოა განთავსდეს მარშრუტის საწყის და საბოლოო დანიშნულების ადგილებში.

აღნიშნული რეგლამენტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია შიდა ტურიზმის აქტიური მიმართულების განვითარებისთვის, რაც, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასთანა და ფიზიკური აქტივობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.


საქართველოში ტურიზმი სხვადასხვა მიმართულებით კარგად ვითარდება, თუმცა ერთ-ერთი სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია, სწორედ ფიზიკურ აქტივობაზე ორიენტირებული შიდა ტურიზმია. ჯანმო-ს საქართველოს ოფისის არაგადამდებ დაავადებათა პროგრამების კოორდინატორის კახა ღვინიანიძის თქმით, აქტიური ტურიზმის განვითარება არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის და ფიზიკური აქტივობის ეროვნული სტრატეგიის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. მისი განცხადებით, საქართველოში არაგადამდები დაავადებები მთლიანი სიკვდილიანობის 93%-ზე მეტის გამომწვევი მიზეზია. მხოლოდ ოთხი არაგადამდები დაავადების სამკურნალოდ ყოველწლიური ეკონომიკური ტვირთი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6,1%-ს შეადგენს. ეს არაგადამდები დაავადებებია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.

მისივე თქმით, დაავადების ტვირთში იგულისხმება არა მხოლოდ მკურნალობის ხარჯები, არამედ სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგი, ასევე პროდუქტიულობის დაკარგვა, როცა ადამიანი ავადაა და ვერ მუშაობს. ამასთან, კახა ღვინიანიძის განმარტებით, არაგადამდები დაავადებების დიდი ნაწილის თავიდან აცილება ან გადავადება შესაძლებელია. ამისთვის კი აუცილებელია ფიზიკური აქტივობის გაზრდა, რაც ასევე უკავშირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ალკოჰოლის მოხმარების რეგულირებას, თამბაქოს კონტროლს, მწვანე სივრცეების გაზრდასა და ცხოვრების აქტიურ წესს. არსებული სტატისტიკით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე ცხოვრების უმოძრაო წესით ცხოვრობს, რაც გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნისა და სხვა პრობლემების გამომწვევი ფაქტორია. კახა ღვინიანიძის თქმით, ქვეყანაში სათანადოდ არ ვითარდება შიდა ტურიზმის ისეთ მიმართულებები, რომლებიც ორიენტირებულია ფიზიკურ აქტივობაზე. ამ კუთხით კი სახელმწიფოს ხელშეწყობაა აუცილებელი.

„საქართველოში ადამიანებისთვის დასვენება ასოცირდება ნაკლებ მოძრაობასთან. არ ან ნაკლებად ვიყენებთ უამრავ საფეხმავლო მარშრუტს. პრობლემაა ისიც, რომ ასოცირებული ინფრასტრუქტურაც სუსტია. საფეხმავლო მარშრუტების განვითარება მნიშვნელოვანია და მიღებული რეგლამენტი ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია. კერძოდ, აუცილებელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობდეს იდენტიფიცირებული და მონიშნული ბილიკები, ადამიანებმა წინასწარ იცოდნენ არა მხოლოდ ის, თუ სად შეიძლება სალაშქროდ გასვლა, არამედ ისიც, რომელი ბილიკი, მისი რომელი მონაკვეთია საფრთხის შემცველი, რა ტიპისაა ეს საფრთხე და რომელი უსაფრთხო, რათა დაგეგმონ თავიანთი ტურები. მხოლოდ ბუნებაში საქეიფოდ გასვლა არ უნდა იყოს ამ კუთხით ძირითადი აქტივობა,“ - აღნიშნავს კახა ღვინიანიძე jandacva.ge-სთან საუბარში. მისი თქმით, საჭიროა საფეხმავლო, ასევე ველობილიკების თუ შერეული მარშრუტების გაძლიერება, რაც შიდა ტურიზმის განვითარებასთან ერთად ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და არაგადამდები დაავადებების ნაწილის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

jandacva.ge