ამერიკელმა ინჟინერ-ქიმიკოსმა ჩაგრი იონმა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო ნიღბებს საწვავად გადაამუშავებს.
ინოვაციური ნაშრომი, 238 ნამუშევარს შორის, საერთაშორისო ჟურნალმა Processes Magazine-მა შეარჩია. ამ თემას დაეთმო ჟურნალის გარეკანიც.
ნიღბებზე მოთხოვნა განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის დროს გაიზარდა, ბოლო პერიოდში, გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კი ეს ტენდენცია ნაწილობრივ დაბრუნდა.
ამ საკითხზე საუბრისას ექიმმა იონმა განაცხადა, რომ 2021 წელს მსოფლიოში 5,4 მილიონი ტონა პირბადე იქნა წარმოებული და მათი ნარჩენები დღეს სერიოზული პრობლემაა.
„გამოყენებული ნიღბების უმრავლესობა ბუნებაში მოხვდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და ეკოსისტემებისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. ჩვენს კვლევაში წარმოდგენილია ერთჯერადი, გამოყენებული პირბადეების ჰიდროთერმული გადამუშაავების მეთოდი, რის შედეგადაც საწვავი წარმოიქმნება. შედეგად მიღებულ იქნა 17% გაზი და 1 % მყარი პროდუქტი,“ - განაცხადა გამომგონებელმა და აღნიშნა, რომ ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, ჰაერში მავნე აირების მინიმალური რაოდენობა მოხვდეს.
მკვლევრის შეფასებით, ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია 4,4 მილიონი ტონა საწვავის მიღება, რაც ნაგავსაყრელებსა და გარემოს 5,4 მილიონი გამოყენებული ნიღბებისგან გაათავისუფლებს.
„აუცილებელია, გამოყენებული ნიღბები შევაგროვოთ და იმის მაგივრად, რომ გადავყაროთ, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით მოვახდინოთ მათი უტილიზაცია,“ - განაცხადა ჩაგრი იონმა.