კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის ახალ მოკვლევას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაასრულებს და ამ მიმართულებით მორიგი რეზონანსული საქმის შესწავლის შედეგები წლის ბოლომდე გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ  8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.

თემა ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეკემბერში გასაჯაროებულ საქმეს, როცა უწყებამ განაცხადა, რომ კომპანიები 20 მედიკამენტს მაღალი - 300%-დან 3000%-მდე ფასნამატით ყიდდნენ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, მედიკამენტებზე, რომლებზეც სამინისტროს განცხადებაში იყო საუბარი, რეფერენტული ფასები დადგინდა, თუმცა მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს საქმის შესწავლის თხოვნით მიმართა. რამდენიმე დღის წინ სააგენტომ საბოლოოდ დაადგინა, რომ მოკვლევის დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობს და პროცესი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საუბარია შემდეგ კომპანიებსა და მედიკამენტებზე:

1. იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები -  ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
2. იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა,  მედიკამენტი  - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
3. იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები - ადაზალ ნეო  (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
4. იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი - არიპრადა;
5. იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“,  მედიკამენტი - ზინასენი N60;
6. იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი - ლორნიკუსი ამპულა N1;
7. იმპორტიორი შპს „გეა“,  მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;
8. იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი - ტრეპარინი.

დასახელებული კომპანიებიდან ყველა მათგანი მესამე-მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება, გარდა „გეასი,“ რომელიც მეორე კატეგორიის საწარმოა და, შესაბამისად ჩამოთვლილი კომპანიებიდან ყველაზე მსხვილია. 
კომპანიის 33.5%-იანი წილის მმართველი და დირექტორი ირინა ჭელიძეა, რომელიც ამავდროულად ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია. ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ზემოთ დასახელებული კომპანიებიდან, რომლებზეც კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, „გეას“ გარდა არცერთი კომპანია არაა გაწევრიანებული.

აღნიშნული ასოციაცია ფარმაცევტული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით სამინისტროს მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. ბოლო საქმეზე, 19 დეკემბერს, ასოციაციამ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, სამინისტროს მიერ ფარმაცევტული კომპანიების დადანაშაულება ფასების ხელოვნურ ზრდაში არის სხვა თემებზე „ფოკუსის გადატანის“ მცდელობა.

„ყოვლად მიუღებელია და ვგმობთ მსგავს დამოკიდებულებას, როდესაც დაუზუსტებელი, მცდარი ინფორმაციიასა და დაშვებების საფუძველზე ხდება ქვეყნის უმსხვილესი სექტორის წარმომადგენლების დადანაშაულება შეთქმულების თეორიებსა და კარტერულ გარიგებებში. გავრცელებული განცხადება გახლდათ მცდარი და ცილისმწამებლური. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ფარმაცევტული დარგი იცავს ყველა დაწესებულ რეგულაციას და არ აპირებს თავის მართლების რეჟიმში ყოფნას,“- ნათქვამია ასოციაციის მაშინდელ განცხადებაში და ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტროს აქვს მცდელობა გაასაჯაროოს კომპანიების კომერციული საიდუმლოება.

ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე ასოციაცია ბაზრის უმსხვილესმა კომპანია „გეფამ“ დატოვა და საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ „ბოლო პერიოდში ასოციაციისა და „გეფას“ სამომავლო ხედვა და სტრატეგია არ ემთხვევა ერთმანეთს.“ 

როგორ დასრულდება კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებული მორიგი მოკვლევა, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ეს იქნება მეორე რეზონანსული საქმე ამ მიმართულებით.  მანამდე, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იდენტური ფასების შეთავაზების საქმეზე კონკურენციის სააგენტომ 4 მსხვილი ფარმაცევტული კომპანია ჯამში 53 მილიონი ლარით დააჯარიმა. ყველა ეს კომპანია სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.