DRG-ს შედეგები უნდა შეაფასოს არა თავად სამინისტრომ, არამედ გარე, დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ. 
ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე აცხადებს.

მისი თქმით, დაფინანსების ეს სისტემა ეფექტიანია დიდი კლინიკების შემთხვევაში, თუმცა ის ხელს არ უწყობს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების განვითარებას

„ობიექტური იქნება, გარე ორგანიზაციამ შეაფასოს ეს სისტემა და საკუთარი თავის შეფასებისგან თავი შევიკავოთ. ცვლილებები შეეხო პედიატრიულ და მეან-გინეკოლოგიურ კოდებს, სადაც ზრდა მოხდა, მაგრამ ძვირადღირებულ ჩარევებზე ცვლილებები არ განხორციელებულა. მედიცინა ვითარდება, შემოდის ახალი ტექნოლოგიები, სახარჯი მასალა და ა.შ, რაც უფრო ნაკლებ ტრავმულს ხდის ოპერაციას და ხელს უწყობს მალე გამოჯანმრთელებას,“ - განაცხადა მორჩილაძემ. 


მისივე განცხადებით, გამოწვევად რჩება პაციენტის მიერ თანხის გადახდით დამატებითი სერვისების მიღების შეზღუდვაც. 

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ახალი სისტემა DRG 10 თვის წინ ამოქმედდა და ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ის ეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან შემცირდა პაციენტის თანაგადახდის მაჩვენებელი.