ინფექციური კლინიკის ახალი შენობა არის ტექნოლოგიურად  გამართული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებით საშიში და მძიმე  დაავადებების მართვა. 
ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომელიც კლინიკის ახალ შენობაში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

„დღეს ეს საავადმყოფო საქართველოში არის ტექნოლოგიურადაც და ვიზუალურადაც  ყველაზე თანამედროვე, ყველაზე გამართული კლინიკა, რომელიც, ვფიქრობ, მთლიანად დაფარავს ქვეყნისთვის მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციების პრობლემას,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ კი განაცხადა, რომ ინფექციური დაავადებების სამკურნალო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით წინა ხელისუფლების დროს სერიოზული პრობლემები იქნა დაშვებული, რომლებიც ახლა გვარდება.

„წინა ხელისუფლების დროს დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომები იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ინფექციურ სნეულებებთან ბრძოლის  მიმართულება, ინფრასტრუქტურის მზადყოფნის თვალსაზრისით. დიდი ხანი დასჭირდა, მაგრამ რეალურად ადგება საშველი იმას, რომ დაწესებულებას, რომელსაც აქვს სერიოზული შესაძლებლობა, რომ ძალიან სეროზულ საფრთხეებს აარიდოს ქვეყანა, ექნება გამართული, თანამედროვე, საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი  ინფრასტრუქტურა. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაბრკოლებების გარეშე შეძლონ საკუთარი ფუნქციების მინიმუმ იმავე სტანდარტით შესრულება, როგორც აქამდე აკეთებდნენ და კიდევ უფრო გაუმჯობესება,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 


შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, რომელზეც თბილისის ინფექციური კლინიკა ამ ეტაპზე ფუნქციონირებს, 2009 წლიდან „ავერსი ფარმას“ საკუთრებაა და ამ  წლების განმავლობაში კომპანია ამ ტერიტორიის დაცლას ითხოვს. რაც შეეხება ახალ შენობას, ის ლიუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს და მასში ინფექციური საავადმყოფო უახლოეს პერიოდში გადავა.