მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1848 ლარი შეადგინა, რაც, საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 260 ლარით ანუ დაახლოებით 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საშუალო ხელფასის სიდიდით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფერო საქმიანობის 19 მიმართულებას შორის მე-13 ადგილს იკავებს. ამ სექტორში დასაქმებულებზე ნაკლები ხელფასები აქვთ შემდეგ სექტორებში დასაქმებულებს: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები; სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა; წყალმომარაგება - კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები და განათლების სფერო.
2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ⦁ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით); მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით); ⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).