საქართველოში ჯანდაცვის საჭიროებებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხები (რომლის უმეტესი ნაწილი მედიკამენტებისა და სხვა ჯანდაცვის პროდუქტების შესაძენად გამოიყენება) 41%-ს შეადგენს, რაც მოსახლეობისთვის ტვირთად რჩება.
ამის შესახებ საუბარია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ანგარიში „ჯანდაცვის მუშახელის მიგრაცია ჯანმოს ევროპის რეგიონში: ქვეყნების შემთხვევების ანალიზი ალბანეთიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, ირლანდიიდან, მალტიდან, მოლდოვიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან და ტაჯიკეთიდან“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ხარჯების შეკავების მიზნით, მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ესენია: 2022 წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საავადმყოფო მომსახურების დაფინანსების დიაგნოზთან დაკავშირებული ჯგუფის (DRG) მოდელზე გადასვლა და 2025 წელს დაწყებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმები.
ანგარიშის თანახმადვე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დიდწილად პრივატიზებულია, საავადმყოფოს საწოლების 80%-ზე მეტს კომერციული ორგანიზაციები მართავენ, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვისა და მომვლელი პერსონალის ძირითად დამსაქმებლებს წარმოადგენენ. სახელმწიფო მართავს სოფლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს და მცირე რაოდენობის სახელმწიფო კლინიკებს. შედეგად კი, ჯანმოს ანალიზის თანახმად, მიღებული ფრაგმენტაცია ჯანდაცვის სფეროში სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მრავალი რეფორმისა და განვითარების ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორს ქრონიკულად აწუხებს სუსტი პირველადი ჯანდაცვის სისტემა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე ყველა კლინიკურ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს მკურნალობის ხარისხი, სამუშაო ძალის მომზადება და დაწესებულებების ლიცენზირება. აკრედიტაციის მოთხოვნები მოიცავს სამუშაო პროცესებს, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვას. ამბულატორიული და ლაბორატორიული დაწესებულებები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის სტანდარტებს.
ჯანმო აცხადებს, რომ კერძო სექტორის დამსაქმებლებმა უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ მაღალი სტანდარტებით, უზრუნველყონ სამართლიანი ხელფასები და შეღავათები, ინვესტიცია ჩადონ პროფესიულ განვითარებაში, უზრუნველყონ უსაფრთხო სამუშაო გარემო და ბალანსი პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ძალის კმაყოფილებას და მათ შენარჩუნებას.