2030 წლისთვის ქვეყანაში გარემოს პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება უნდა დავასრულოთ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით რეგულაციების ამოქმედება იგეგმება.

საუბარია პროდუქტებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ ერთჯერადი დანიშნულებით და ამავდროულად დამზადებულია პლასტიკისაგან, არის ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქტები

მის მიერ მოყვანილი სტატისტიკით, საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის მოხმარებამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია და 4 000 ტონა გახდა.


„თუ დღეს მკვეთრი ნაბიჯები არ გადავდგით, შედეგს ვერ მივაღწევთ. ზოგადად რომ ვისაუბროთ, საქართველოში ძალიან მძიმე და კრიტიკული მდგომარეობაა. აღნიშნული კომპლექსური პრობლემაა და კონკრეტულად ერთ მიმართულებას ვერ გამოვყოფთ, თუმცა აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 


აუცილებელი პირობაა, რომ პლასტიკის გამოყენების  რეგულაციები დავიწყოთ. გარკვეულმა შეზღუდვებმა შედეგი მოიტანა, მაგრამ აღსრულების სფეროში ქვეყანას მაინც უჭირს. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ სფეროში გარკვეული სახის დეფიციტი შეიქმნას. კერძოდ, შევეცდებით ერთჯერადი პლასტიკის განთავსება ბაზარზე გავამკაცროთ. ესაა ძირითადად ჭურჭელი: თეფშები, ჩანგალი და ა.შ. ამასთან, ბიზნესს ალტერნატივა შეგვიძლია შევთავაზოთ, მაგალითად, ქაღალდისგან დამზადებული მასალა. ღირებულებათა ჯაჭვი უნდა შევქმნათ, მთავარია, ნარჩენს გარემოდან როგორ ამოვიღებთ და ახალ ღირებულებას როგორ შევქმნით", - აღნიშნავს სოლომონ პავლიაშვილი.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქტებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ერევა საკვებსა და სასმელში და იწვევს ენდოკრინული სისტემის რღვევას.


შეფუთული საკვებიდან და სასმელიდან, ორგანიზმში ხვდება მიკროპლასტიკი, რაც იწვევს შემდეგ ეფექტებს:
ილექება სისხლძარღვებში, რაც ინსულტისა და ინფარქტის რისკს 450%-ით ზრდის;

ილექება ქსოვილებში და იწვევს ქსოვილების ქრონიკული ანთებასა და ზრდის სიმსივნური გადაგვარების რისკებს;
გადადის პლაცენტაში, ხვდება ნაყოფის სხეულში და აფერხებს განვითარებას;
იშლება ნანოპლასტიკად და იძენს უჯრედში შეღწევისა და ტვინის ბარიერის გადალახვის უნარს.

სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 613,5 მილიონი ერთეული ეგპ (ერთჯერადი გამოყენების პლასტის) ჭიქა, თავსახური, საკვები კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, საწრუპი, თეფში და სასმელის მოსარევი მოიხმარება.

რეგულაციების ამოქმედება ეტაპობრივად, 2026 წლიდან იგეგმება და ის ჭიქების მოხმარების შემცირებას ან აკრძალვას გულისხმობს.

ამ საკითხზე ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები დაიწყება.