მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ყველაზე პოპულარული მიმართულებები იოგა და პილატესია, - ამის შესახებ მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღების სივრცე - "მანდალას" დამფუძნებელმა ელა არაქალიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 47%-ით გაიზარდა, რაც ადასტურებს იმას, რომ ისინი ძალიან კარგ და საჭირო საქმეს ემსახურებიან.

"ჩვენი სტუდია მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. მათ შორისაა: იოგის 6 მიმართულება, პილატესის 3 მიმართულება, ბოდი ბალეტი, ციგუნი, ქართული ცეკვა, High Heels – პლასტიკა და იმპროვიზაცია, სადჰუს დაფის პრაქტიკა, არტ-თერაპია, საუბრები "მანდალაში", მასაჟი, ფსიქოთერაპიის სესიები და სტეპ აერობიკა. ეს არის სივრცე ქალებისთვის. ჩვენი დევიზია - "შენი დრო შენთვის". ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ქალმა დღეში 1 საათი საკუთარ თავს დაუთმოს, შეიცნოს საკუთარი სხეული და შეიყვაროს ის.

საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. მოთხოვნის ზრდას ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანები ჩიხურ მდგომარეობაში შევედით - იქ, სადაც ფიზიოლოგიური რესურსები და  შესაძლებლობები მაქსიმალურ ამოწურვამდე მიგვყავს - შემდეგ გვახსენდება, რომ სხეული რაღაცით უნდა გამოვაცოცხლოთ. აღნიშნულის გარდა, სოციალურ ქსელებში ჩვენი სერვისის მიმართ პოპულარობის ზრდამ კიდევ უფრო მეტად დააინტერესა საზოგადოება და ჩვენც ვცდილობთ, რომ ტენდენციებს მივყვეთ", - აცხადებს ელა არაქალიანი.

ცნობისთვის: მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღების სივრცე "მანდალა" ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას, ამ ეტაპზე 2  ფილიალი აქვს. მათი სპეციალისტების ნაწილს შესაბამისი კვალიფიკაცია საქართველოში აქვთ მიღებული, ხოლო ნაწილი საზღვარგარეთ, კერძოდ, ინდოეთში გადამზადდნენ. 

bp.ge