სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა და მათ შორის ფასების ზრდა იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქედელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაზარზე ფასი, შესაძლოა, უშუალოდ საბაზრო პირობებიდან გამომდინარე გაიზარდოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, გარკვეულ ხელოვნურ ზრდასაც ჰქონდეს ადგილი და, სწორედ, ამ ფაქტორებზე დაკვირვებას ემსახურება ბაზარზე მონიტორინგის დაწყება.
„სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება GCCA. ჩვენ განვახორციელეთ ასევე სამედიცინო მომსახურების ბაზრის მომიჯნავე ბაზრის მონიტორინგი - ფარმაცევტულ ბაზარს ვგულისხმობ. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგით გაცემული რეკომენდაციები საფუძველი გახდა ბაზარზე განხორციელებული სისტემური რეფორმებისა. ასევე, გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ,“- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.
გიორგი ქედელიძის თქმით, სააგენტო ასევე ახორციელებს პესტიციდების ბაზრის მონიტორინგს და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე, პირველადი ანგარიში გამოქვეყნდება.
5 სექტემბეტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.
სააგენტო ეყრდნობა საქსტატის მონაცემებს, რომელთა თანახმად, 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოების მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა.
უწყების ცნობით, ბაზრის მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.