სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური, უბედური შემთხვევების რაოდენობა, 2025 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული. 

ამის შესახებ ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის მოხსენებაში, რომელიც მან  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს წარუდგინა. 


მისი თქმით, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გატარებული საზედამხედველო ღონისძიებების შედეგად, ყოველწლიურად კლებადია სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური შემთხვევების ოდენობა. 


2024 წლის მონაცემებით, 44%-იანი კლება დაფიქსირდა 2018 წელთან შედარებით, ანუ მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა. 


შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით 2024 წელს, უწყებამ 3201 ინსპექტირება ჩაატარა. შედეგად, შემოწმდა 1901 ობიექტი და ინსპექტირება შეეხო 84 157-მდე დასაქმებულ პირს. 


სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული:

  • 2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად აღრიცხული ინციდენტების რაოდენობა შემცირებულია 24%-ით  2023 წელთან შედარებით.
  • 2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად მძიმედ დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 25%-ით არის შემცირებული  წინა წელთან შედარებით - ხოლო  საშუალო სიმძიმით დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წელს შემცირებულია 26%-ით.
  • მნიშვნელოვანი შედეგებია შრომის უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებითაც. 


საქართველოს მასშტაბით, ჩატარდა 2205 აქტივობა, რომელმაც მოიცვა 1290 ობიექტი. 

ინსპექტირებები შეეხო 29 702 -მდე დასაქმებულ პირს.