Covid-19-ის ახალი ვარიანტი, რომელიც Stratus (XFG)-ის სახელით არის ცნობილი, მთელ მსოფლიოში ვრცელდება. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ამ შტამის სიმპტომები შეიძლება ჩვეულებრივ გაციებად მიიჩნიოთ.

ექსპერტების შეფასებით, ეს შტამი წინა ვარიანტებთან შედარებით სიმპტომების უფრო ფართო სპექტრს ავლენს.

მხოლოდ ირლანდიაში სექტემბრის პირველ კვირაში 425 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა Stratus-ს უკავშირდება. ირლანდიის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მონაცემებით, ეს ვარიანტი ამჟამად ყველა შემთხვევის 76%-ს შეადგენს, ექვსი კვირის წინანდელ 49.3%-თან შედარებით.

ჯანმო-ს მიერ Stratus შეფასებულია, როგორც „მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ვარიანტი“. მიუხედავად იმისა, რომ ის წინა შტამებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას არ იწვევს, ის უფრო სწრაფად ვრცელდება. ადრეული ნიშნები შეიძლება შეუმჩნეველი იყოს, რის გამოც ადამიანები მას მარტივად აიგნორებენ. 


ეს სიმპტომებია:

ხმის ჩახლეჩა ან ხრინწიანი ხმა, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, კუჭის აშლილობა და დაღლილობა.

ექიმების დაკვირვებით, „სტრატუსის“ ერთ-ერთი შესამჩნევი ნიშანი სწორედ ხმის ჩახლეჩაა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-ფრანცისკო) დოქტორმა პიტერ ჩინ-ჰონგმა განაცხადა, რომ სტრატუსი „სიმპტომების უფრო ფართო სპექტრით“ ვლინდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, რომლებიც გასულ წელს არ აცრილან. მან აღნიშნა, რომ როდესაც ბავშვები სკოლაში ბრუნდებიან, მსუბუქი სურდოც კი შეიძლება კოვიდზე მიუთითებდეს.

ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, Stratus-ის ახალი შემთხვევები სხვა ევროპულ ქვეყნებში, ასევე აშშ-სა და აზიაშიც ფიქსირდება, რაც საერთაშორისო ექსპერტების შეშფოთებას იწვევს.

ახალი სიმპტომების მიუხედავად, ოფიციალური რეკომენდაციები იგივე რჩება:

დარჩით სახლში სიმპტომების უმეტესობის გაქრობიდან 48 საათამდე;

მოერიდეთ კონტაქტს სხვებთან, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ პირებთან;


კოვიდ-ტესტი სავალდებულო არ არის, თუ ეს ექიმის ან სპეციალისტის მიერ არ არის დანიშნული.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ დაავადების ადრეული ნიშნებისადმი ყურადღების მიქცევა და სიფრთხილის ზომების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია ახალი ვარიანტის გავრცელების შენელებისთვის.