თვალი ის ორგანოა, რომლითაც სამყაროს 80 პროცენტს აღვიქვამთ. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს სხვა გრძნობებზეც და ხშირად „ცვლის" კიდეც სამყაროს აღქმას. მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობითი ფუნქციებს შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი შესაძლოა სრული დაბრმავება გამოიწვიოს.


ბადურის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია მხედველობის გაუარესების თვალსაზრისით. ამ დროს შესაძლოა დაზიანდეს როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური მხედველობა ან დადგეს სრული სიბრმავე. ზოგადად, ამ ტიპის დაავადებებიდან ჩვენთვის ასზე მეტი მათგანია ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პათოლოგიაა დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც იწვევს მხედველობის დაქვეითების შეუქცევად პროცესს, მის სრულ დაკარგვამდე. ამიტომ აუცილებელია მხედველობის მონიტორინგი, რათა ადრეული დიაგნოსტიკით მოხდეს აღნიშნული პათოლოგიების არიდება.

აღნიშნული პრაქტიკის დასანერგად შარშან სტარტი აიღო მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიამ სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომლის მიზანია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მხედველობის დაცვა და მისი  შენარჩუნება, დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის ხელმისწვდომობის გაზრდა.

„დიაბეტური რეტინოპათია არის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულება, რომელიც მკურნალობის გარეშე შეიძლება სიბრმავემდე მივიდეს," –

განმარტავს თსსუ თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, "ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- საქართველოს" გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი ნინო კარანაძე.

– თქვენი გამოცდილებით, რამდენად ხშირია დიაბეტური რეტინოპათია საქართველოში?


– დიაბეტური რეტინოპათია საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა საქართველოში. შაქრიან დიაბეტზე სისტემური სკრინინგის არარსებობის გამო, ბევრი პაციენტი ვერ აცნობიერებს, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს და პირველად სწორედ ოფთალმოლოგთან ვიზიტისას ხდება დაავადების გამოვლენა. ღონისძიებები, რომელიც  მიმართული იქნება დიაბეტის და მისი გართულებების ადრეული გამოვლენისთვის საკმაოდ მწირია.

– რა საფრთხეებს იწვევს დიაბეტური რეტინოპათია და რატომ არის დროული აღმოჩენა გადამწყვეტი?


– შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც სისტემურად აზიანებს მიკრო- და მაკროვასკულარულ სტრუქტურებს. განსაკუთრებით ხშირია თირკმლების, ნერვული სისტემისა და თვალის ბადურის მიკროცირკულაციის დაზიანება. ბადურაზე დიაბეტისთვის დამახასიათებელი მიკროანევრიზმები, ჰემორაგიები, ექსუდატები და ნეოვასკულარიზაცია ხშირად პირველი კლინიკური ნიშანია, რის საფუძველზეც ოფთალმოლოგები პაციენტებს ენდოკრინოლოგთან ამისამართებენ. თუ სისხლში გლუკოზის კონტროლი არ ხდება დროულად და ეფექტიანად  დიაბეტური რეტინოპათიის ჩამოყალიბების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ აუცილებელია რეგულარული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა (ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფია, თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპია, ფუნდუსფოტოგრაფირება და სხვა) და ენდოკრინოლოგიური მონიტორინგი.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ოჯახის ექიმის როლზე დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციის მიმართულებით.ოჯახის ექიმი არის პირველი რგოლი რომელსაც მიმართავს პაციენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო. სისხლში გლიკემიის მაღალი მაჩვენებლების გამოვლენისას აუცილებელია თვალის ფსკერის დაუყოვნებელი დათვალიერება და ცვლილებების აღმოჩენისას დროული გადამისამართება სპეციალისტთან.

– რა სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს პაციენტს?


– საწყის ეტაპზე დიაბეტური რეტინოპათია  ასიმპტომურია. სიმპტომების განვითარება, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, მეტამორფოფსია, მიოდისოფსია, ბნელი ლაქა მხედველობის არეში, ფერების აღქმის გაუარესება ან გაორება,  დიაბეტური რეტინოპათიის მძიმე სტადიასა და არაკონტროლირებად დიაბეტზე მიუთითებს.  პაციენტები  გვიან მიმართავენ ოფთალმოლოგს, როცა უკვე ვითარდება კლინიკურად მნიშვნელოვანი მაკულარული შეშუპება ან ბადურის სისხლჩაქცევები.

– რა არის თანამედროვე მკურნალობის მეთოდები და მათი ეფექტიანობა?


– მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია რეტინოპათიის სტადიაზე. ადრეულ სტადიაზე აუცილებელია გლუკოზის, არტერიული წნევის და ლიპიდური პროფილის მკაცრი კონტროლი. კლინიკურად მნიშვნელოვანი მაკულარული შეშუპებისას გამოიყენება  anti-VEGF ინექციები მინისებურ სხეულში, რომლებიც ამცირებენ ნეოვასკულარიზაციას და შეშუპებას. პროლიფერაციული რეტინოპათიის დროს ეფექტიანია პანრეტინალური ლაზერფოტოკოაგულაცია, რომელიც ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას.

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ვიტრეორეტინალური ოპერაციები, განსაკუთრებით მასიური ჰემორაგიების ან ბადურის ტრაქციული მოცილების დროს. მკურნალობის შედეგები უშუალოდ დამოკიდებულია გლიკემიის კომპენსაციაზე; თუ ეს პარამეტრი არ კონტროლდება, პროცესის პროგრესირება გარდაუვალია.

– როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების თანამშრომლობა?


– აუცილებელია ერთობლივი სკრინინგ-პროგრამები, რეგულარული პროფესიული კონსილიუმები და გამოცდილების გაზიარება. თუ ეს სისტემა მუშაობს, შესაძლებელია დაავადების ადრეული გამოვლენა და სიბრმავის შემთხვევების შემცირება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური პრეპარატების ხელმისაწვდომობა, რადგან ისინი დღესაც ძვირია.

სამი მთავარი რჩევა პაციენტებს მხედველობის შესანარჩუნებლად:

ოფთალმოლოგთან ვიზიტი წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასურველია ორჯერ).

ენდოკრინოლოგის რჩევების მკაცრი დაცვა და სისხლში შაქრის დონის სტაბილური კონტროლი.

ჯანსაღი ცხოვრების წესი – დაბალანსებული კვება, ფიზიკური აქტივობა და რეგულარული თვითმონიტორინგი.

– საინფორმაციო კამპანია „აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე“ რამდენად მნიშვნელოვანია?


– ასეთი კამპანიები კრიტიკულად აუცილებელია. ისინი ხელს უწყობენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, პაციენტების დროულ მიმართვიანობას და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სწორედ ამ გზით შეგვიძლია პრევენციულად ვებრძოლოთ დიაბეტურ რეტინოპათიას და თავიდან ავიცილოთ სიბრმავე.