აივ ინფექცია/შიდსის მქონე პაციენტების მკურნალობა დეცენტრალიზებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულები საჭირო მედიკამენტების და სერვისების მიღებას არა მხოლოდ თბილისში, არამედ თავიანთ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს შეძლებენ.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მარინა ეზუგუბაიამ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „პულსში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა პაციენტებისთვის აბსოლუტურად უფასოა, ქვეყანაში წარმოებს მაღალი რისკის ჯგუფების კვლევები და პროფილაქტიკა და გამოვლენა დროულად ხდება, რათა დაავადების მატება არ მოხდეს.
ეზუგბაიას ინფორმაციის, მათი კლინიკა ქვეყანაში აივ/შიდსს 4 რეგიონულ ცენტრთან (ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი და სოხუმი) ერთად მართავს. ახლა კი ამ პროცესის დეცენტრალიზაცია და გადანაწილება ხდება.
„ჯერჯერობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 65% ჩვენს ცენტრში მკურნალობენ. სერიოზული მუშაობა მიდის და ალბათ უკვე სერიოზული შედეგები ექნება, რომ პაციენტებს ყოველთვის არ მოუწიოთ თბილისში ჩამოსვლა და მათი უზრუნველყოფა მოხდეს ადგილობრივად ახლო ცენტრებთან. გეგმა უკვე დასახულია, დაწყებულია და დარწმუნებულები ვართ, ეს მიღწეული კარგი შედეგები შენარჩუნდება და გაუმჯობესდება,“ - აღნიშნა ეზუგბაიამ.