გერმანიის ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები ღრმავდება. მიზეზი კლინიკების ფინანსური სირთულეებია. 
გერმანიის საავადმყოფოებისა და კლინიკების ფედერაციის ხელმძღვანელის ჯერალდ ჰასის თქმით, თუ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული, საავადმყოფოების გაკოტრების პროცესი წელს კიდევ უფრო გაღრმავდება. 


„თუ ზომები არ იქნება მიღებული, წელს გაკოტრებები გაიზრდება. თუ კლინიკები ფედერალური მთავრობიდან მალევე არ მიიღებენ კომპენსაციებს ინფლაციისთვის ჩვენი შეფასებით, წელს კიდევ 80 კლინიკა გაკოტრდება,“ - განაცხადა მან. 


ჰასის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში გაკოტრების შესახებ განაცხადი 40-მა სამედიცინო დაწესებულებამ შეიტანა და დღეისათვის ჯამური დავალიანება ამ სექტორში 8,5 მილიარდ ევროს აღწევს. 


ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაგეგმილი რეფორმის მიხედვით, უნდა განისაზღვროს, რომელი შემთხვევების მართვა შეუძლია ცალკეულ კლინიკას და რომლის - არა. ამის მიხედვით იგეგმება მათი დონეებად დაყოფა.  სწორედ დონეების მიხედვით განისაზღვრება კლინიკების დაფინანსების საკითხი.


სამედიცინო სერვისების უმეტესობას გასწევენ საუნივერსიტეტო კლინიკები და მათ ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი დაფინანსება გამოეყოფათ. მეორე ჯგუფში შევლენ კლინიკები, რომლებიც გარკვეულ დარგში სპეციალიზდებიან. მესამე დონე კი საბაზო, გადაუდებელ დახმარებას, ქირურგიულ ჩარევებსა და ინტენსიურ თერაპიას გულისხმობს. 
დაგეგმილი რეფორმა არაერთი კრიტიკის მიზეზი გახდა. კრიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ ასეთი კლასიფიკაცია პრობლემატურია, რადგან პირველ რიგში დაფინანსება სამედიცინო შემთხვევების სიხშირეზეა დამოკიდებული. ეს კი სოფლებში სამედიცინო დაწესებულებების დახურვას ნიშნავს.