საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ახალი, თანამედროვე, ე.წ. PCR მოდელით მოხდება. კვლევა არა პაპ ტესტის, არამედ HPV ანუ ადამიანის პაპილომა ვირუსის გენომის გამოკვლევით ჩატარდება. ახალი ტესტი მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა და დაავადების კიდევ უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უწყობს ხელს.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული ტესტები ხასიათდება უფრო მაღალი მგრძნობელობით და ეს მოდელი უზრუნველყოფს კიბოსა და კიბოსწინარე დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, რაც დროული და ეფექტიანი მკურნალობის და ქალის ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრების გარანტიაა.


სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა არაერთ ქვეყანაში ეს მეთოდი უკვე დანერგილია, საქართველო კი რეგიონში პირველია, ვინც ამ მიმართულებით ნერგავს სიახლეებს. 
მათი განმარტებით, ამ ცვლილების შედეგად მოლოდინია, რომ, ტესტის მაღალი მგრძნობელობიდან გამომდინარე, იმაზე მეტი დაავადებული გამოვლინდება, ვიდრე აქამდე,  ციტოლოგიური კვლევით ხდებოდა.


სიახლის დანერგვა არ გულისხმობს პროცედურის შეცვლას. როგორც ძველი მოდელის შემთხვევაში, ახლაც  ბიოლოგიურ მასალას გამოიკვლევენ, თუმცა კვლევა ახალი მეთოდით ჩატარდება. ამ სამედიცინო სერვისის მიღებას 30-დან 60 წლამდე ქალები უფასოდ შეძლებენ. მანამდე კი კვლევა ციტოლოგიური ტესტით ჩატარდება. 
 ეროვნული სკრინინგ ცენტრი რამდენიმე უფასო პროგრამას ახორცილელებს. მათ შორის არის ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგები. სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიების მიუხედავად, პაციენტთა მოცვის მაჩვენებელი ქვეყანაში ამ დრომდე დაბალია და თბილისში ის 24 პროცენტს არ აღემატება.  საერთაშორისო რეკომენდაციებით კი, დაავადების პრევენციისთვის პროგრამაში მოქალაქეების ჩართულობა 60-70 პროცენტს უნდა აღწევდეს.