უნდა სარგებლობდნენ თუ არა მკურნალობის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული უპირატესობებით ის ადამიანები, რომლებიც სკრინინგზე რეგულარულად დადიან? ეს საკითხი ბოლო პერიოდში სპეციალისტების განხილვის თემად იქცა. დისკუსიას კი ბიძგი იმ გარემოებამ მისცა, რომ სკრინინგზე მიმართვიანობა წლების განმავლობაში ძალიან დაბალია. 

სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ იმ მოქალაქის მკურნალობა, რომელიც სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობს, უფრო მეტი ლიმიტით უნდა იფარებოდეს, ვიდრე იმ პაციენტის, რომელიც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სკრინინგის პროგრამით არ სარგებლობს. 


მაგალითად, ჯანდაცვის ექსპერტის  ეკატერინე სანიკიძის თქმით, თუკი ერთი მოქალაქე პასუხისმგებლიანია, დადის სკრინინგზე და ასრულებს რეკომენდაციებს, რომლისკენაც სახელმწიფო მოუწოდებს, მეორე კი ამას უგულველებყოფს და სახელმწიფო მათ მკურნალობას თანაბრად აფინანსებს, აქ სამართლიანობის პრინციპი ირღვევა.

„კერძო სადაზღვევო კომპანიებს აქვთ ასეთი პრინციპი - თუ შენი მიზეზით მოხდა მდგომარეობის გართულება, ის თანხას არ ანაზღაურებს. საყოველთაო ჯანდაცვის შემთხვევაში კი ასეთი შეზღუდვა არაა. მე, სახელმწიფომ, სკრინინგის პროგრამისთვის დავხარჯე ფული, შემოვიტანე აპარატურა, გადავამზადე კადრები, შენ კი ამ პრინციპის განხორციელების საშუალებას არ მაძლევ. აქ სოლიდარობის პრინციპიც ირღვევა, რადგან მე დავხარჯე ის თანხა, რომელიც უფრო მეტი საჭიროების პაციენტს წავართვი. მაშინ ნაკლები დაფინანსება უნდა ჰქონდეს მათ, ვინც არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და არ მიმართა სკრინინგს,“ - განაცხადა ეკატერინე სანიკიძემ. მისივე თქმით, ასევე კარგი იქნება გეგმიური სტანდარტების დაწესება, რათა პაციენტები სახელმწიფომ „რბილად“ აიძულოს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ.

ამ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ამბობს, რომ მსგავს ზომებს არ ემხრობა და სკრინინგზე მიმართვიანობის ზრდის უმთავრეს გზად საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება ესახება.

„სამწუხაროდ მენტალიტეტის პრობლემა გვაქვს, გარკვეული ფსიქოლოგიური წინაღობები არსებობს, რის გამოც მიმართვიანობა სკრინინგზე ძალიან დაბალია. ოღონდ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი პრობლემა. ესაა დაავადების აღმოჩენის შიში, რასაც კონკრეტული სახელწოდებაც აქვს. ადამიანებს არ უყვართ ცუდი ამბების გაგება. სამწუხაროდ, ადამიანები ყოველთვის რაციონალურები არ ვართ. ზოგ ქვეყანას აქვს რთული გამოცდილება, რომელსაც მე პირადად სიფრთხილით და შიშით ვუყურებ, რომ გარკვეულ სოციალურ შეღავათებზე და სარგებლებზე წვდომა შეიძლება რთულდებოდეს ადამიანისთვის, რომელიც სკრინინგს არ მიმართავს. ჩვენ ასეთი არაფერი არ გვაქვს და არც ვფიქრობ, რომ ასე მარტივად და ხელაღებით შეიძლება ასეთი რაღაცეები დაინერგოს, თუმცა ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო და წამახალისებელი მიმართულებით აქტივობები იქნებოდა ყველაზე მეტად რელევანტური. დღეს სკრინინგის სერვისებზე ხელმისაწვდომობა რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ადამიანები რეალურად მოიხმარენ. ანუ არ არის პირიქით მდგომარეობა - როცა სურვილი მეტია და საშუალება არ არსებობს,“- აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, სკრინინგის მაღალი მოცვის პირობებში წარმატებული მკურნალობის შემთხვევებიც მეტი იქნებოდა, რადგან ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნის მიმართ ნებისმიერი მედიკამენტი და თერაპია გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე მესამე და მეოთხე სტადიის კიბოს შემთხვევაშია.