მიმდინარე წელს რეფერენტული ფასები ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომლებზეც ფასი გასულ წელს არ შემცირებულა.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ განაცხადა. 


შეგახსენებთ, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ეს რეგულაცია უკვე 6 ათასზე მეტ მედიკამენტს შეეხო. რეფორმის მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. 
სულაბერიძის შეფასებით, შედეგები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმის ფარგლებში გასული წლის დასაწყისში პროგნოზირებდა, გამართლდა და რეფერენტულ ფასებდ დაქვემდებარებული წამლები საშუალოდ 40-45%-ით გაიაფდა. 


„ყოველი ახალი ტიპის მედიკამენტის გამოქვეყნებისას სამინისტრო ანალიზს იმეორებს და შედეგები კვლავ უცვლელია - საშუალოდ 40-45%-იანი ფასდაკლების მასშტაბი აქვს რეფერენტული ფასების ამოქმედებას. ერთერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელზეც დაფიქსირდა 42%-იანი კლება, ანტიბიოტიკებია,“ - აღნიშნა ლელა სულაბერიძემ. 


მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას რეფერენტული ფასწარმოქმნის ფარგლებში და ფასების რეგულაცია გავრცელდება მოსახლეობის მიერ ყველაზე ხშირად მოხმარებად არარეცეპტორულ მედიკამენტებზეც. „მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას. არარეცეპტორული მედიკამენტების ნაწილი, განსაკუთრებით ტკივილგამაყუჩებლები გახლავთ ის ჯგუფი, რომელზეც, საქსტატის მონაცემებითაც, გასულ წელს ფასების კლება არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე, მათ შორის ტკივილგამაყუჩებლებზეც მიმდინარე წელს გავრცელდება რეფერენტული ფასწარმოქმნა,“- განაცხადა სულაბერიძემ.